2015 წლის 10 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ბაგრატიონები - ღვთივკურთხეული სამეფო დინასტია“. საუბარი წარმართა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა ქალბატონმა ია ბაგრატიონ - მუხრანელმა.
„მინდა დადებითად შევაფასო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისთვის მსგავს შეხვედრებთან დაკავშირებით. დღეს, საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს აკლიათ სულიერი ხედვა, განათლება. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სხვა ფასეულობებია. ახლა მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტები. არადა მთავარია ახალგაზრდებს თავიდანვე ვასწავლოთ ჩვენი ფასეულობები, უფლის სიყვარული და სულიერი მისია.
თქვენი ცენტრის დამსახურებაა, რომ ინტერესდებით, თუ როგორ მსჯელობენ და ვითარდებიან ახალგაზრდები. იმიტომ, რომ ვაჟების დავაჟკაცება იწყება ბავშვობიდან. ასევე, ჩვენ ახალგაზრდა გოგონებს თავიდანვე უნდა ასწავლიდნენ, რომ ის არის მომავალია დედა. ეს არის უდიდესი მისია, რაც ქალს უფლისგან ეკისრება. გყავდეს ბევრი შვილი ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა.
დღეს წარმოვადგენ თავადაზნაურთა საკრებულოს და ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმს. ჩვენს სკოლა-ლიცეუმში ბავშვებს პირველი კლასიდან ვასწავლით, რომ მეფე ერის გვირგვინია .
დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა, სწორედ, ჩვენი მონარქიის თავისებურებებს, თავადაზნაურთა როლს საზოგადოების ჩამოყალიბებაში“ - გვითხრა ქალბატონმა ია ბაგრატიონ - მუხრანელმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები.